2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება. ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი “დედა ენას” უფასოდ მიიღებს.
სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.
იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში დარჩა.
ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.









