შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით გრძელდება.
გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა კიდევ 3 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. კერძოდ: 1974 წელს დაბადებული ც.ც. თავს დაესხა სამართალდამცველებს, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში.
1994 წელს დაბადებულმა ს.ბ.-მ სამართალდამცველებს თავდაცვითი დანიშნულების საგანი წაართვა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში.
1989 წელს დაბადებული ლ. ჯ. სამართალდამცველებს ფარს ურტყამდა და სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეისათვის, პასუხისგებაში 12 პირია მიცემული, მათ შორის პარლამენტის წევრი – ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ედება.