ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა.
შოთა რეხვიაშვილმა სახელმწიფო პროგრამებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, სოფელ მარტყოფში, სააკაძესა და სართიჭალაში პირადად იმყოფებოდნენ.
მოსახლეობამ, სახელმწიფო რწმუნებულისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რომელიც სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების, საავტომობილო გზების მოწესრიგების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს.
შეხვედრების მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო, მთავრობის ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებენ.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის რეგიონში, 783 პროექტი განხორციელდება, ჯამური ღირებულებით – 245 117 658 ლარი. მათ შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 50,959,216 ლარის ღირებულების 110 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.









