საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, მოქალაქეებმა უნებართვო მშენებლობებისთვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს სპეციალისტს ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.

„გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით შვიდიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.