აქტივისტები ქალაქში არსებულ უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ (+ფოტო)

სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა დღეს რუსთავის მერიასთან პერფორმანსი გამართა და უსიამოვნო სუნის საილუსტრაციოდ გოგირდიც დაწვა. აქტივისტები მერიისგან საკითხის მოგვარებას მოითხოვენ. მათი თქმით, უნდა გამოვლინდეს ყველა ის საწარმო, რომელთა საწარმოო პროცესის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში უსიამოვნო სუნი იფრქვევა.

როგორც TV4-ს რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი უშუალოდ მერიის კომპენტენციაში არ შედის, რუსთავის მერი აქტიურადაა ჩართული პროცესებში და საწარმოების მონიტორინგში, რომელსაც შესაბამისი უწყებები ახორციელებენ. გარდა სოკოს საწარმო “თეთრი ქუდისა” ქრონიკის გადამღებმა ჯგუფმა უსიამოვნო სუნის მეორე კერა ე.წ ბოინი აღმოაჩინა, რომლის მონიტორინგსაც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი უახლოეს მომავლში დაიწყებს და ზუსტად გახდება ცნობილი, შესაცვლელია თუ არა, ტეგნოლოგიური კუთხით, შიდა საწარმოო პროცესები.