სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უკანონო საექიმო საქმიანობის შემთხვევები გამოავლინა.სააგენტომ 95 კლინიკა შეამოწმა. მონიტორინგის შედეგად ,38 სამართალდარღვევის ოქმი შედგა , მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობისა და შეტყობინების გარეშე სამედიცინო საქმიანობის შესახებ.
სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად ასევე, ძირითადად დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები გამოიკვეთა.
„ამ ეტაპზე ცალსახად, მკაფიოდ გამოხატული რომელიმე არ ჭარბობს, თუმცა დეზინფექცია-სტერილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები იყო, რომლებიც შედარებით უფრო გამოიკვეთა ამ ეტაპზე“, – აღნიშნა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაალ კაპანაძემ.
როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის პროცესი გრძელდება და მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩატარდება. თითოეულ კლინიკაში ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის სპეციფიური პირობები გადამოწმდება, რაც სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს.