დღეს დიდგორობა აღინიშნება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე დღეს დიდგორობის სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დიდგორის მემორიალის ტერიტორია დამთვალიერებლის წინაშე წარდგება მუზეუმი ღია ცის ქვეშ,
სპეციალურ სივრცეებში მოეწყობა ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოჩინდება ტრადიციული სამოსი, ორნამენტები, კულინარია. სცენაზე გაცოცხლდება აღმაშენებლის ეპოქა და თანამედროვე ეპოქასთან მისი შერწყმა მოხდება როგორც შემორჩენილი ტრადიციების გათამაშებით, ასევე უკვე მივიწყებული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენით. გაიმართება საბრძოლო ხელოვნების ნიმუშის წარმოდგენა, ასევე, საჭიდაო საჩვენებელი შეჯიბრებები: დოღი, ჭიდაობა, მკლავჭიდი.

საკონცერტო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები, ასევე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ადგილობრივი, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის სახელმწიფო და სახალხო ფოლკლორული ანსამბლები.

დიდგორობა 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად იმართება. დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო – „დიდგორის ჯვრის ორდენი“, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.