ივლისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოვლინდა, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 89 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 41 ფაქტი, იმერეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 24, ქვემო ქართლში – 19, გურიაში – 12, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 12, შიდა ქართლში – 11, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 5-5 ფაქტი დაფიქსირდა.
თბილისში, ივლისში, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1160 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 56 ფაქტი და ამოღებულია 30 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა – 86). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.”-ნათქვამია ინფორმაციაში.









