მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რაოდენობა 19%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართვის მოწმობის მიღების პრაქტიკულ გამოცდაში ცვლილებების დაანონსებისთანავე მომსახურების სააგენტოში მოწმობის აღების მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია,რომ ელექტრონული ჯავშნის სისტემის ამოქმედების შემდეგ, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რაოდენობა 19%-ით გაიზარდა, ხოლო პრაქტიკული გამოცდის რაოდენობა – 20%-ით.
უწყების ინფორმაციით,მომსახურების სააგენტო დღის განმავლობაში, მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე იმდენ მოქალაქეს იღებს , რამდენისთვისაც შესაძლებელია სერვისის შეუფერხებლად მიწოდება.
თეორიულ გამოცდაზე ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად,
მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ, თუმცა უწყების ინფორმაციით, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ადგილები ამ ეტაპზე სწრაფად იჯავშნება. თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონულ სისტემას ახალი, თავისუფალი ადგილები ავტომატურად, ყოველ კვირა დღეს
ემატება.

შეგახსენებთ,მომსახურების სააგენტომ მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის რიგის ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის 20 მაისიდან დანერგა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის სასურველ სერვისცენტრში, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი სააგენტოში.