მოსკოვში დღეს გამართულ მიტინგში მონაწილეობა თითქმის 50 ათასმა ადამიანმა მიიღო. ამ მონაცემებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თეთრი მრიცხველი“ ავრცელებს. განსხვავებულ მონაცემებზე საუბრობს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათი ცნობით, აქციაზე 20 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
სანქცირებული აქცია მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში, სახაროვას პროსპექტზე იმართება.
რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. დემონსტრანტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვასა და აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ.
სამართალდამცველებმა ამ დრომდე დემონსტრაციის დროს 2 ათასამდე ადამიანი დააკავეს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განმარტებით, დაკავების მიზეზი მათი გეგმები იყო. როგორც სობიანინმა აღნიშნა, აქტივისტების ნაწილი ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმებს აპირებდა.