რუსთავში “ფორსაჟი 9″-ის გადაღებებისთვის მზადება დაიწყო (+ფოტო)

რუსთავში „ფორსაჟი 9 “-ის გადაღებებისთვის მზადება დაიწყო.

მზადება მესხიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. Tv4-ის ინფორმაციით, გადაღებები 3 სექტემბერს ღამის 11:00 საათიდან 6 სექტემბრის ღამის 12:00 საათამდე გაგრძელდება. ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე (მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე). შესაბამისად აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება და პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, კერძოდ: კლდიაშვილი, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.

შეგახსენებთ, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინო მწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდს საქართველოში იღებენ , მათ შორის გადაღებები გაიმართება რუსთავში. „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში. მათივე ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს FF9“ უზრუნველყოფს.დღემდე არსებული ფილმების შემოსავალი 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი.