შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება დაიწყეს. შეხვედრები, ეტაპობრივად, თბილისსა და ყველა ტერიტორიულ ერთეულში გაიმართება. პირველი სამუშაო შეხვედრა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში გაიმართა.
მიმდინარე წელს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა – ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი განახორციელებს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ, ასევე, სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით სხვა დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით, რითაც იგი უზრუნველყოფს საგამოძიებო რეფორმის წარმატებით იმპლემენტაციისთვის სისტემის მომზადებას.
დეპარტამენტი უკვე დაკომპლექტდა ღია კონკურსის წესით შერჩეული საგამოძიებო, საპროკურორო და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებით და სრულად შეუდგა მუშაობას.
სამსახურის ძირითად მიზანს გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესთან გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება წარმოადგენს. კოორდინატორთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას დეპარტამენტი განახორციელებს.









