საქართველოში მიმდინარე წელს 23 415 მართვის მოწმობა გაიცა

საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 23 415 მართვის მოწმობა გაიცა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

უწყების ინფორმაციით, ყოველთვიურად საშუალოდ 3 ათასი მართვის მოწმობა გაიცემა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ივლისში მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. იანვარში 2876 მოწმობა გაიცა, თებერვალში – 2653, მარტში – 3420, აპრილში – 3386, მაისში – 2992, ივნისში – 3077, ივლისში – 5011.

შსს-ს მონაცემების თანახმად, 2018 წელს საქართველოში 49 121 მართვის მოწმობა გაიცა, აქტიური სტატუსის მქონე მოწმობების რაოდენობა კი, 2018 წლის ბოლოსთვის 1 233 437 იყო.

ამასთან, მომსახურების სააგენტომ უკვე შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ფარგლებშიც იცვლება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკულ გამოცდის წესი. კერძოდ, საგამოცდო პროცესს ემატება ახალი ეტაპი, რომელიც რეალურ საგზაო პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.