საქართველოში ჰოლივუდის ფილმის გადაღებებისთვის რვა დრონი დარეგისტრირდა

პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა XM2 UK LIMITED-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, კომპანიას ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა მიენიჭა, რაც ოპერატორს საშუალებას აძლევს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღია კატეგორიისთვის დაშვებულ სიმაღლეზე მაღლა ფრინოს, შენობა-ნაგებობიდან დაშორების განსხვავებული პირობებით და ა.შ.

დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი უპილოტო საჰაერო ხომალდები სხვადასხვა ასაფრენი მასითა და საფრენოსნო მახასიათებლებით გამოირჩევიან, მათ შორის, ყველაზე დიდი გაბარიტის მქონე დრონების (3 ერთეული) მაქსიმალური ასაფრენი მასა 70 კილოგრამს შეადგენს. მაღალტექნოლოგიური უპილოტო საჰაერო ხომალდებით ჰოლივუდის ერთ-ერთი ფილმის ეპიზოდების საჰაერო გადაღებები განხორციელდება.

განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია სააგენტოში ქართული საპროდიუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“-ის შუამდგომლობით იქნა წარმოდგენილი.

ფილმის გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდება.