ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობისთვის სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალ საქონელს მალევე მიაგნეს და მეპატრონეს დაუბრუნეს.

რაც შეეხება დანარჩენ 2 დაკავებულს, პოლიციამ ისინი იმ დროს შეაჩერა, როდესაც მოპარული საქონელი მიკროავტობუსით წალკა-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე გადაჰყავდათ.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.