ძაღლების ჩხუბის გამო დაჭრილი 17 წლის მოზარდი კომატოზურ მდგომარეობაშია

17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილს, რომელიც მამაკაცმა ძაღლების ჩხუბის გამო თავის არეში დაჭრა, 3 ტყვია ამ დრომდე თავში აქვს ჩარჩენილი და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
„ჩემს შვილებს – დათო და ერეკლე ჩეკურიშვილებს ლონდონის ბაღში ძაღლი ჰყავდათ ჩაყვანილი პირბადით და ჯაჭვით. ძმები სკამზე ისხდნენ თავიანთ ძაღლთან ერთად, როდესაც დიტო როსტომაშვილმა თავისი ძაღლი აუშვა, როგორც ყოველთვის აკეთებდა ხოლმე. გაფრთხილებულიც იყო, რომ ეგრე არ ეტარებინა თავისი ძაღლი იმიტომ, რომ ძალიან აგრესიულია სხვა ძაღლებთან მიმართებაში. გამოუშვა ეს თავისი ძაღლი და ჩვენს ძაღლს გლეჯდა. ბავშვებმა ფეხით მოიგერიეს. ფეხი ურტყეს და ძაღლი წკმუტუნით გავარდა. ეს შეხლა-შემოხლა დაახლოებით 5 წუთს ხომ მაინც გრძელდებოდა, ხომ უნდა მოსულიყო პატრონი და გაერკვია რა ხდებოდა, მაგრამ ის შორს იჯდა და სეირს უყურებდა იქამდე, ვიდრე არ დაინახა, რომ ბავშვებმა მისი ძაღლი ფეხით მოიგერიეს. ამის დანახვაზე წამოვარდა და ერეკლეს თვალებში სწვდა – ჩემს ძაღლს ფეხი რატომ ჩაარტყიო – არაბუნებრივი ხმით უყვიროდა თურმე. ამხელა კაცმა ორივე ბავშვს ცემა დაუწყო. შემდეგ იმათაც დაარტყეს, ისე ხომ არ გაჩერდებოდნენ და მოხდა დაპირისპირება. შემდეგ ისინი გამვლელებმა გააშველეს.
ბავშვები სწრაფად ამოვიდნენ სახლში და ეს ამბავი გვითხრეს. ჩვენ ვუთხარით, რომ მეორე დღეს გავარკვევდით. დაახლოებით, ნახევარ საათში, ტანსაცმლის გამოცვლისას ერეკლემ შეამჩნია, რომ ჯვარი დაკარგული ჰქონდა. ბავშვმა იფიქრა, ეტყობა რომ ჩამომკაწრა, მაშინ დამივარდაო. ძმები ჯვრის ამოსატანად წავიდნენ. მამამ მარტო არ გაუშვა, რამე არ მოხდესო იფიქრა და მათ გაჰყვა. ჯვარი რომ აიღეს და მოდიოდნენ, დიტო როსტომაშვილმა მოუარა და მიმავალი მანქანიდან, მამის თვალწინ ჯერ ერთ ძმას ესროლა და მერე – მეორეს.
ეგ ადამიანი ნასამართლევია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია არ ვრცელდება და არ ვიცი რატომ. ალბათ იმიტომ, რომ ამნისტიით არის გამოშვებული ეგ ნაძირალა,“ – განაცხადა დაჭრილი მოზარდის დედამ ნინო ჩეკურიშვილმა.
ნინო ჩეკურიშვილის ინფორმაციით, დაკავებულმა, დიტო როსტომაშვილმა, რომელიც პოლიციამ მომხდარიდან 1 საათში დააკავა, დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ ორივე ძმას დამიზნებით ესროლა, რადგან ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იყო.
„დათო, რომელიც 16 წლისაა, ყელის არეში დაიჭრა მსუბუქად, ერეკლემ კი რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და დავარდა. დღესაც კომაშია. 10 საათიანი ოპერაცია აქვს ბავშვს ჩატარებული და ჯერ ვერავითარ კარგ ამბავს ვერ გვეუბნებიან. ერეკლე კომატოზურ მდგომარეობაშია. ჯერჯერობით წინსვლა არ არის. დიდი მადლობელი ვარ ღუდუშაურის ექიმების, რომლებიც ყველაფერს ცდილობენ, ბავშვის მდგომარეობიდან გამოსაყვანად. სამწუხაროდ, 3 ტყვია აქვს თავში ჩარჩენილი და არ ვიცით, ეს პროცესები როგორ წავა. ძალიან დიდ მონაკვეთზე აქვს ტვინი დაზიანებული და ექიმები ვერ მეუბნებიან, შეძლებს თუ არა ბავშვი მდგომარეობიდან გამოსვლას.”

შეგახსენებთ, რომ ძაღლების ჩხუბის გამო დაპირისპირება 13 აგვისტოს მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მისმა ძაღლმა სხვა ძაღლს უკბინა. ამ ყველაფერს კი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც 37 წლის მამაკაცმა 17 წლის ახალგაზრდას თავის არეში იარაღიდან ესროლა.