ხანძარი კანარის კუნძულებზე – ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება

კანარის კუნძულებზე ტყის ხანძრებს ვერ აქრობენ. ცეცხლი უკვე დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება. საფრთხის გამო სტიქიის ზონიდან ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის ლოკალიზებას ხელს ძლიერი ქარი და სიცხე უშლის. ჰაერის ტემპერატურა კანარის კუნძულებზე 32 გრადუსს აჭარბებს.სამაშველო ოპერაციაში, ავიაციასთან ერთად, 200 მეხანძრე მონაწილეობს.

ხანძარი, რომელიც ქალაქ ლას პალმასიდან 30 კილომეტრში მძვინვარებს, დამსვენებლებისთვის პოპულარული ეროვნული პარკისკენ ვრცელდება. ცეცხლის ჩასაქრობად ხელისუფლება თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს იყენებს. პოლიცია აცხადებს, რომ ხანძარი სავარაუდოდ ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მიერ მეტალების შესადუღებელი ელექტრომოწყობილობის გამოყენების გამო გაჩნდა.

„ევრონიუსი“ წერს, რომ სამართალდამცველებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს.ვარაუდობენ, რომ მან ხანძარი შედუღებითი სამუშაოების დროს გააჩინა.