10-დღიანი ძებნის შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში მცხოვრები მამაკაცი პოლიციამ იპოვა. 34 წლის ვანო მახარაშვილს, სამართალდამცველებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს.
„პოლიციამ მოიყვანა. არ ვიცით რა ვთქვათ, მეტირება სიხარულით. იმდენი ჭორი ვრცელდებოდა, მაგრამ პოლიციელები დღე და ღამეს ასწორებდნენ, რომ ეპოვათ. მადლობა პოლიციას და მადლობა ღმერთს. ცოცხალი და უვნებელია. ძალიან გახარებულები ვართ”, – განაცხადა მისმა ბიძამ, სოსო მახარაშვილმა.
34 წლის ვანო მახარაშვილის სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც გაწყვიტეს, თუმცა ცხედარი და სხვა რაიმე ფაქტი ვერ იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობდა.