დავით ზალკალიანი – ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური საქართველოში შესაძლოა 2-3 თვეში დაბრუნდეს

ლიბიაში მყოფი ორი ქართველი მეზღვაური საქართველოში, შესაძლოა, 2-3 თვეში დაბრუნდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა.

ლიბიაში დაკავებულ ქართველებზე ზალკალიანს კითხვა ემზარ კვიციანმა დაუსვა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უმოკლეს ვადებში დააბრუნოს.

„იყო 4 მეზღვაური დაკავებული. ჩვენ პირველი დღიდან აქტიურად ვიყავით ჩართული მოლაპარაკებების პროცესში. მოგეხსენებათ სიტუაცია მარტივი არაა, ვინაიდან ლიბიაში დღესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ეს პროცესებიც ობიექტური გარემოებების გამო გაჭიანურებული იყო. ჩვენ ოთხი მეზღვაურიდან ორი უკვე გამოვიხსენით და ისინი საქართველოში არიან უკვე. დარჩენილ ორთან -კაკალაძესთან და კომახიძესთან – დაკავშირებით აქტიური პროცედურები მიმდინარეობს. მათ, შესაბამისი სასამართლო პროცედურების შედეგად, სასჯელი უკვე მისჯილი აქვთ, რომლის ვადაც უკვე გასულია. ამჟამად ვიმყოფებით აქტიურ მოლაპარაკებების რეჟიმში, რომ ისინი დავაბრუნოთ და დარწმუნებული ვარ, ამ წლის ბოლომდე ან შეიძლება კიდევ უფრო ადრეც მათი გამოხსნა მოხერხდეს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პირადად შევხვდი ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მასაც ვთხოვე. ნებისმიერ შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად გადაწყდეს,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 2017 წლის 30 აგვისტოს დააკავეს. დაკავებულთა შორის რამდენიმე საქართველოს მოქალაქე იყო. ამ დროისთვის ლიბიაში მხოლოდ ორი ქართველი მეზღვაური რჩება.