“ევროპული საქართველოს” წევრები საკომიტეტო მოსმენებში არც დღეს მიიღებს მონაწილეობას

“ევროპული საქართველოს” წევრები საკომიტეტო მოსმენებში არც დღეს მიიღებს მონაწილეობას. როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, მინისტრობის კანდიდატებთან არანაირი შეკითხვები არ აქვთ, რადგან სწორედ “ქართულ ოცნების” ხელისუფლებას უკავშირდება ქვეყანაში არსებული კრიზისები.

“გიორგი გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად არის საზოგადოებაზე ძალადობა და ხელის გადაგრეხვის მცდელობა. ამ სიტუაციაში ნორმალური პოლიტიკური დიალოგი ვერ იქნება, მითუმეტეს, არანაირი შეკითხვები არ შეიძლება არსებობდეს ცალკეულ მინისტრებთან, სადაც ფორმალურადაც კი არ განხორციელებულა არც ერთი ცვლილება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სასამართლო სისტემის უმძიმეს კრიზისში შეყვანაში, სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ იარაღად ქცევაში და ყველა იმ სერიოზულ მავნებლურ ნაბიჯში, რომელსაც “ქართული ოცნება” სამართალდამცავი სისტემის მიმართულეით დგამდა”,-აცხადებს აბესაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.