მთავრობის შემადგენლობის მოსმენა საქართველოს პარლამენტში დღესაც გაგრძელდება

რამდენიმედღიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიცია გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს. განხილვები კომიტეტებიდან ფრაქციებში ინაცვლებს. „ევროპული საქართველოს“ წევრებს შეკითხვები ძირითადად გიორგი გახარიასთან აქვთ. კითხვები კი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხება. პრემიერობის კანდიდატისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის მიმართ მწვავე კითხვები აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც.

პირველი შეხვედრა 12:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ფორმატში გაიმართება, რომელსაც მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერმინისტრობის კანდიდატის ხელმძღვანელობით დაესწრება.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მთავრობის შემადგენლობის მოსმენა უკვე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების ფორმატში 16:00 საათზე დაიწყება.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება, 8 სექტემბერს კი, პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის მმართველ გუნდს 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.

პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.