არასრულწლოვანთა საქმეზე დაკავებული ბრალს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს

ადვოკატის ინფორმაციით,არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაში ჩართვისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე პოლ გრეგორი ლეხმანი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. მისი თქმით, ბრალდებულს გუშინ შეხვდა და საქმის დეტალებზე საჯარო საუბარი აუკრძალა.

„მას არ სურს, რომ მის შესახებ, ისევე როგორც საქმის ირგვლივ, რაიმე ინფორმაცია გავასაჯაროო. ის იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ბრალის ოფიციალურად წარდგენისას დამატებითი მასალები გადმომეცემა და დამატებით შევათანხმებთ პოზიციას”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, დაკავებული ლეხმარი 60 წლისაა. ადვოკატი არც მის საქმიანობაზე და არც იმაზე, თუ რამდენი ხანია ცხოვრობს საქართველოში, კომენტარს არ აკეთებს.

ნინო ტაბატაძის ინფორმაციით, თუ კი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, ის სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, ალტერნატივის სახით კი გირაოს მოითხოვს.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა.