პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რუსთაველ მოქალაქეებთან შეხვედრის დროს რუსთავის მუნიციპალიტეტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი მომავალში კიდევ უნდა გაიზარდოს.
“შარშან რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 54 მილიონი იყო. მიმდინარე წელს არის 64 მილიონი. მომავალ წელს ეს [ბიუჯეტისთვის გამოყოფილი თანხა] კიდევ უნდა გაიზარდოს. მეტსაც გეტყვით, რადგან ჩვენი, „ქართული ოცნების“ ხედვა არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, მაჟორიტარების არ ყოლის პირობებში მეტი ფული უნდა მივცეთ ადგილობრივ თვითმმართველობებს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძე პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საუბრის დროს მაჟორიტარების საკითხსაც შეეხო. რუსთაველი მოქალაქის კითხვაზე – რა მოხდება, თუ რუსთავს პარლამენტში თავისი მაჟორიტარი არ ეყოლება, თალაკვაძემ უპასუხა:
“ხალხმა თვითმმართველობებში უნდა აირჩიონ კიდევ უფრო ეფექტური საკრებულოები და კიდევ უფრო ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება. ამით დაკომპენსირდეს ის, რომ კონკრეტული მაჟორიტარი მათ პარლამენტში არ ეყოლებათ.თუმცა ყველა ქალაქს აუცილებლად თავისი ლიდერი ეყოლება. ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებსაც თქვენ ენდობით და მხარს დაუჭერთ”,- თქვა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, დღეს რუსთავის დრამატულ თეატრში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მოეწყო,რომელსაც არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობდა.









