კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის მონასტერში არსებული ვითარება კრიტიკული ნიშნულის ქვედა ზღვარზეა.
სააგენტოს ინფორმაციით, მონასტერში ფრესკების ნაწილი დაზიანებული ან ჩამოხსნილია, დარჩენილ ნაწილს კი საფრთხე ემუქრება.
მათივე ინფორმაციით, ბედიის მონასტერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სააგენტო იუნესკოსთვის ინფორმაციის მიწოდებას აპირებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დახმარებას ითხოვს.
„ ვიდეომასალაში არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ მონასტერში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობს. ბედია არის აბსოლუტურად უყურადღებოდ და თუკი იქ რაიმე კეთდება, მხოლოდ დაზიანების კუთხით. წინა წელს ჩვენს ხელთ არსებული მასალით, რომელიც კონფიდენციალური წყაროებით მივიღეთ, ჩამოხსნილი იყო კედლის მხატვრობის ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც ბაგრატ მესამეს ეკუთვნოდა. ამავდროულად, უმძიმეს მდგომარეობაშია მისი ქვის წყობები, რომელიც რეგრესს და შლის პროცესს განიცდის.გვრჩება ერთადერთი ბერკეტი იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და ზეწოლით შევქმნათ საფუძვლები, რომ აფხაზური მხარე დათანხმდეს საერთაშორისო მისიის ჩართვას და აფხაზეთში არსებული ძეგლების მდგომარეობა შეამოწმონ“ – აცხადებენ სააგენტოში
მათივე ინფორმაციით, ვიდეომასალის მიხედვით მომზადდება ანგარიში, რომელიც უახლოეს კვირეებში იუნესკოს გაეგზავნება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში კედლები თითქმის სრულად არის დაზიანებული. განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები. ვიდეომასალაში ჩანს, რომ მონასტერში ხარაჩოებია განთავსებული.
ბედიის სამონასტრო კომპლექსი ოჩამჩირიდან 25 კმ-ში, სოფელ ბედიის ცენტრში მდებარეობს. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის. ისტორიული ცნობებით, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით, 999 წელს გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ ააგო.