ბოლნისქალაქობა 2019 (+ფოტო)

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2019“ მასპინძლობს. დღესასწაული ტრადიციულად ბოლნისის ისტორიულ უბანში იმართება. ბოლნისქალაქობა სხვადასხვა კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი აქტივობებით არის დატვირთული. ბოლნისის ისტორიულ უბანში წარმოდგენილია ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატთა გამოფენა, ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია-გამოფენა-გაყიდვა; ბოლნისის მუნიციპალური თეატრის წარმოდგენა; ზ. ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის ღია სივრცე, ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევართა გამოფენა და მცირე კონცერტები; ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა-კარნავალი, საბავშვო ატრაქციონები. ბოლნისქალაქობის ფარგლებში დღეს ცნობილი ფეხბურთელის თამაზ სტეფანიას სახელობის ქუჩა გაიხსნა. ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან .

მთავარი კულტურული ღონისძიება 17:30 საათზეა დაგეგმილი .სტუმრების წინაშე ლეგენდარული ,, ქართული ხმები” და თბილისის მერიის ბიგ-ბენდი წარსდგებიან.