გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით დავხვეწოთ შეწყალების უფლება — ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი პოლიციელის მკვლელის შეწყალებაზე საზოგადოების კრიტიკას გამოეხმაურა.

“იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა”, — განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ საზოგადოებამ ეს შეწყალება პოლიციის შეურაცხყოფად მიიჩნია. მან პირობა დადო რომ არ დაუშვებს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს პოლიციის ინსტიტუტისადმი სახელმწიფო მეთაურის დამოკიდებულება.

“ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ამ საკითხზე ჩემი კატეგორიული და ურყევი პოზიციის გამოხატვა, რაც არაერთხელ გამიკეთებია ყველაზე საჭირო მომენტებში. არაერთხელ განვაცხადე, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენი პოლიციელების ერთგულებაზე და თავდადებაზე არის დაფუძნებული”, — განაცხადა მან.

მას არ უსაუბრია შეწყალების მიზეზებზე და არც მოკლულის ოჯახის წევრებზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამ შეწყალებით ზურაბიშვილმა მათი შვილი მეორედ მოკლა.

პოლიციელის მკვლელის შეწყალება არამხოლოდ საზოგადოებამ და ოპოზიციამ, არამედ მმართველმა გუნდმაც გააკრიტიკა. თავდაპირველად პრეზიდენტმა ამის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა: “რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით”.