შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. შეხვედრა დღეს, 16:00 საათზე დაიწყება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს დეტალურ ინფორმაციას 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ მიაწვდიან და მათ კითხვებს უპასუხებენ .
შეგახსენებთ, რომ განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.
გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. მათემატიკა/ისტორია.
მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.
უმაღლეს სასწავლებლებს (რომლებსაც ამის სურვილი აქვთ) შეუძლიათ განსაზღვრონ აბიტურიენტებისათვის მეოთხე დამატებითი საგამოცდო საგანი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით. სასწავლებლების ნაწილმა ის უკვე აირჩია შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ბიოლოგია; 4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.
რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა, ხოლო გრანტის მისაღებად – ისტორია ან მათემატიკა.