მე-5 სკოლაში მშობლების პროტესტთან და მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში ფიქრობენ ,რომ ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის შეწყვეტის საჭიროება არ დგას. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტრო ჩართულია საკითხის მოკვლევაში.
რაც შეეხება ბავშვის გარიცხვას, ბატიაშვილის უწყება , ცალსახად არ განიხილავს აღნიშნულ საკითხს,თუმცა მშობლების მოთხოვნა და ყველა დეტალი უწყებისთვის ცნობილია.
მშობლებს პროტესტის შეწყვეტისკენ და ბავშვების სკოლაში მიყვანისკენ მოუწოდა სკოლის ადმინისტრაციამ. სკოლის დირექტორის განცხადებით, აუცილებელია ,რომ ბავშვები სკოლაში იყვნენ და საგაკვეთილო პროცესს დაესწრონ.
დირექტორის ინფორმაციით, მოკვლევის პერიოდი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება,რის საფუძველზეც ბავშვის მდგომარეობა დადგინდება,ამის შემდეგ კი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოხდება.
გავრცელებულ ინფორმაციას,რომ ორშაბათიდან ბავშვი სკოლიდან გაირიცხება, დირექტორმა არ დაადასტურა. არ დადასტურდა ,ასევე ინფორმაცია ცივ იარაღთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამერებში მასწავლებლის კიბეზე დაგორების ფაქტი არ ფიქსირდება.
სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ,რომ მსგავს ინციდენტებს ადგილი ადრეც ჰქონია ,რასთან დაკავშირებითაც საქმის კურსში იყო,როგორც ბატიაშვილის უწყება, ასევე რესურსცენტრი და სკოლის ადმინისტრაცია. საქმეში ჩართული იყო პოლიციაც.
შეგახსენებთ, tv4-მა უახლოეს წარსულში სიუჟეტი მოამზადა, სადაც ბავშვის მშობელი, მასწავლებელს ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა და მასწავლებლის სკოლიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მშობელი tv4-ის კამერებთან ყვებოდა,რომ მუსიკის მასწავლებელმა ბავშვზე ფიზიკურად იძალადა ,რასაც სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მშობელმა რამდენიმე საჩივარი დაწერა,საჩივრების საფუძველზე სკოლის ახლა უკვე ყოფილი დირექტორი,სამინისტროს გადაწყვეტილებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.