დღეს სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს თბილისის დროით 19:00- 20:30 საათების შუალედში მიმართავს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს გენერალური დებატების მთავარი თემაა: „სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისათვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზება.”

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ საპარლამენტო მოდელის პირობებში აღნიშნული უფლებამოსილება პრეზიდენტს აღარ ეკუთვნოდა და პრემიერ-მინისტრის კომპეტენციას შეადგენდა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წინა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არასდროს მისცემია. ხელისუფლების აღნიშნული პოზიცია მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვალა.
გენერალურ ასამბლეაზე, 24-30 სექტემბერს, ნიუ-ორკში თავს იყრის მსოფლიოს 100- ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე ათასი დიპლომატი.