ეკა ბესელია-“ქართული ოცნების” 4 დეპუტატს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ

“ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ 3 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურა დატოვა. დეპუტატმა უწყებას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ჩვენება მისცა.

როგორც დეპუტატმა მედიასთან განაცხადა, მას იმ ადამიანების ვინაობა, ვისაც ფარული კადრებით აშანტაჟებენ არ დაუსახელებია. მისი ინფორმაციით,იმ შემთხვევაში თუ თავად დაზარალებულები მიმართავენ პროკურატურას, ამ საკითხთან დაკავშირებით ის უწყებასთან სამომავლოდაც ითანამშრომლებს.

დეპუტატი აცხადებს,რომ 4 ადამიანზე აქვს ინფორმაცია, რომელსაც პირადი კადრებით აშანტაჟებენ და ემუქრებიან.

“მე ვიცი ასეთი 4 სპეციფიური შემთხვევა. შეიძლება იყოს მეტი, შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი. ვერ დავაკონკრეტებ მეტს შეგნებულად. მმართველ გუნდში არიან. შეიძლება იყოს 4-ზე მეტი მაგრამ რა ინფორმაციაც მაქვს, მე მაქვს. ამიტომ სახელისა და გვარის გარეშე ფაქტი დავადასტურე”- აცხადებს ეკა ბესელია.

ეკა ბესელიამ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, 23 სექტემბერს “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პირადი კადრებით დაშანტაჟება დღემდე გრძელდება და მათ შორის უმრავლესობის წევრებსაც აშანტაჟებენ. ამის შემდეგ პროკურატურამ ეკა ბესელია გამოკითხვაზე დაიბარა.