2020 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროგრამებზე იქნება აქცენტირებული, მათ შორის, ინიციატივა მზადდება პენსიებთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა საპასუხისმგებლო პროცესია და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სოციალური პროგრამები იქნება.
„2020 წლის ბიუჯეტი იქნება ძირითადად აქცენტირებული სოციალურ პროგრამებზე, მათ შორის პენსიებთან დაკავშირებითაც მზადდება ინიციატივა. ფინანსთა სამინისტრო ახდენს ამის კოორდინაციას და, როდესაც უკვე დასრულდება ბიუჯეტის პროექტის მომზადება, აღნიშნულზე დამატებით მოგახსენებთ. ამ ინიციატივას ნამდვილად ვამზადებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პარლამენტში მიმდინარე განხილვების დროს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, გაიზარდოს პენსიები. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ეცდება, ინდექსაციის გარკვეული ფორმები შემოიტანოს, რომ საპენსიო უზრუნველყოფის ზრდა პირდაპირ იყოს მიბმული ეკონომიკურ ზრდასთან.