ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.

ცხინვალის დე ფაქტო, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებისა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ წნელისთან განვითარებულ მოვლენები იქნება.

შეხვედრა ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამდგომლობით ჩატარდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დე ფაქტო რეჟიმს სოფელ ჩორჩანასა და წნელისს შორის უკანონო ქმედებების შეწყვეტას სთხოვს. სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხს კი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არ განიხილავს.

„დღევანდელი ტექნიკური შეხვედრის თემა გახლავთ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია უცვლელია. სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში. ჩორჩანასა და წნელისს შორის განვითარებული პროცესებს რაც შეეხება, ეს არის უკანონო და დამაზიანებელი ქმედება და ჩვენი პოზიციაა, დაუყოვნებლივ შეწყდეს და დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორიები, სადაც დღეს მიმდინარეობს უკანონო აქტივობები. იქ არის აღმართული ერთი დროშა და ეწყობა სრულიად უკანონო საგუშაგო. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს და გონივრულ ვადაში დატოვონ ტერიტორია“, – განაცხადა ანთაძემ.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართულ მხარესთან დაძაბულობის გამწვავებით განმარტავს და აცხადებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განაახლებენ.