საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლიდან პენსია 20-30 ლარით გაიზრდება.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
„პრინციპების დონეზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა.
გარდა ამისა, ასევე პირველი ივლისიდან, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარით პენსიის ზრდაა გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ასევე, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება 2020 წლის სასწავლო წლისთვის 300 ლარით გაიზრდება. 2020 სასწავლო წლისთვის ხელფასები 100 ლარით გაეზრდებათ საბავშვო ბაღების მასწავლებლებს .
იგეგმება, სამართალდამცველების ანაზღაურების გაზრდაც, ხელფასი ჯარისკაცებს და მათთან გათანაბრებულ პირებს გაეზრდებათ. კერძოდ, ანაზღაურება 125 ლარით გაიზრდება. რაც შეეხება ექიმებს, პრემიერის ინფორმაციით, ექიმების ხელფასები 100 ლარით გაიზრდება.