თბილისში ტექნიკის მაღაზია “ზუმერი” გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია „ზუმერი“ გაქურდეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 2 პირი: 2003 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2003 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ასევე, მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.