საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. შესაბამის ბრძანებულებას სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა და ცვლილება 21 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამდივნო, რომლის ძირითადი ამოცანები საგარეო ურთიერთობის მიმართულებით პრეზიდენტის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა იქნება; პრეზიდენტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება; სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაცია; პრეზიდენტის არქივის წარმოება.
ამასთან, ადმინისტრაციაში არსებული რვა სამსახურის ნაცვლად, ჩამოყალიბდება შვიდი სამსახური. იცვლება მედიაცენტრის სახელწოდება და ის კომუნიკაციის სამსახურის სახელით გააგრძელებს საქმიანობას.
მოხდება შემდეგი სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია – იურიდიული სამსახურის, მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კორესპონდენციის მართვის სამსახურის, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის. შედეგად ჩამოყალიბდება ადამიანური რესურსების მართვის, ასევე სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური.









