სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა 34-კაციან სიაში ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებული ორი პირია.
მათივე ინფორმაციით,34 წლის პირს, რომელიც სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იხდის სასჯელს სასჯელი გაუნახევრდა, თუმცა ციხე არ დაუტოვებია.
რაც შეეხება ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებულ კიდევ ერთ პირს, 25 წლის მამაკაცი, რომელიც 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა და პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის ვადაც ორი წლით შეუმცირდა.