პრეზიდენტმა შეწყალების დროს მაქსიმალური გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს-ომბუდსმენი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ შეწყალების დროს მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყოს. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

“აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. პრეზიდენტი თავდაპირველად განმარტავდა, რომ იგი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა, მოგვიანებით, შეწყალების პროცედურის გადახედვის სურვილი გამოთქვა.. შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას — იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს”-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.