აღსრულების ეროვნული ბიურო ადმინისტრაციული სახდელისგან გარკვეული კატეგორიის პირთა გათავისუფლების შესახებ ,ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას სამი თვის ვადაში შეწყვეტს.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, რომელიც გარკვეული კატეგორიის პირებს ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.
სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს სახდელთან ერთად მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.
უწყების ინფორმაციით, პროექტი ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება.შეგახსენებთ,საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს.