რუსეთის სამხედრო ნავს ლომვეშაპები დაესხნენ თავს და ჩაძირეს

არქტიკაში ექსპედიციის დროს, რუსეთის სამხედრო ნავს ლომვეშაპები დაესხნენ თავს და ჩაძირეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Barents Observer-ი ავრცელებს.

რუსეთის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტის საბუქსირე გემ „ალტაის“ ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგზე რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მკვლევრები გადაჰყავდა.

„პოლარული განედები საფრთხეებით არის სავსე“, — წერს ამ ამბის შესახებ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება.

ერთ-ერთი ასეთი საფრთხე ლომვეშაპები აღმოჩნდა, რომლებიც წონაში ხშირად 2000 კილოგრამამდე აღწევენ. გარდა ამისა, ლომვეშაპი უზომოდ მრისხანეა, როცა საფრთხეს გრძნობს.

„ალტაიდან“ ხმელეთზე გადასასვლელად, მკვლევრები და ექსპედიციის სხვა წევრები პატარა სადესანტო ხომალდს იყენებდნენ.