რუსთავში, ,,ეკონომიკური ფორუმი-2019“ გაიმართა. ეკონომიკური ფორუმი, რუსთავის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ტრადიციულად, ყოველი წლის შემოდგომაზე ,,რუსთავქალაქობის“ ღონისძიებების ფარგლებში ტარდება.
ფორუმში , ქალაქში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ექვსი ქვეყნის – პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, თურქეთისა და ბელარუსის 9 ქალაქის, კერძოდ, პლოცკის, პანევეჟისის, ივანო-ფრანკივსკის, ჩერკასის, ხმელნიცკის, დაუგავპილსის, აიდინის, ინეგოლის, ჟოდინოს ხელმძღვანელმა პირებმა, ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.
ფორუმს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში მოქმედი მსხვილი საწარმოებისა და კერძო-სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ქალაქში მოქმედი საწარმოების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი, სპეციალურ სტენდებზე კი განთავსებული იყო ინფორმაცია წარმოება-დაწესებულებების შესახებ.
ეკონომიკური ფორუმი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გახსნეს. ქალაქისა და მხარის პირველმა პირებმა უცხოელ სტუმრებს, ადგილობრივი ბიზნესის შესაძლებლობები და პერსპექტივები, პრეზენტაციების სახით წარუდგინეს.
ფორუმის მონაწილეების წინაშე პრეზენტაციებით წარსდგნენ რუსთავში მოქმედი საწარმოების ხელმძღვანელი პირები და უცხოელი სტუმრები.
როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ,,ეკონომიკური ფორუმი-2019“ ტრადიციულად ,,რუსთავქალაქობის“ ფარგლებში მოეწყო.
ფორუმი მიზნად ისახავს, ქალაქის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას, ბიზნესმენებს შორის ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობას და ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.