სამხედრო მოსამსახურის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, გამოძიება დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სამხედრო მოსამსახურის, ლაშა ჩოჩიშვილის სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი 2 სექტემბერს მოკლევადიანი დათხოვნიდან სამსახურში არ გამოცხადდა.

მომხდართან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო , რომელიც სამხედრო ნაწილში ან სამსახურში გამოუცხადებლობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ოჯახის მიმართვის საფუძველზე, ლაშა ჩოჩიშვილი ასევე იძებნება შსს-ს ქარელის რაიონული სამმართველოს მიერ, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი.

ქარელის სოფელ ხეობაში 27 წლის მამაკაცს უკვე ერთი კვირაა, ოჯახი ეძებს.