ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აკადემიური წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა რუსთავის სკოლებშიც. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დღეს 55 000-მდე პირველკლასელი იწყებს სწავლას. მათგან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა.
2019-2020 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს რუსთავში ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს . ახალ სასწავლო წელს რუსთავის საჯარო სკოლები განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა.წელს პირველად საგანმანათლებლო დაწესებულებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთავის მერიამ განახორციელა .სარემონტო სამუშაოები სკოლებში საჭიროების მიხედვით ჩატარდა . სამუშაოების ფარგლებში , სკოლებში მოწესრიგდა სასწავლო ოთახები , სველი წერტილები , სპორტული მოედნები და დერეფნები, ასევე შემოიღობა რამდენიმე სკოლის ტერიტორია. სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ შვიდასი ათასი ლარი გამოიყო .
საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელთა და კლასის დამრიგებლებს უფასოდ დაურიგდათ განახლებული სპეციფიკის „ბუქები“, რომელშიც ორჯერ გაზრდილია ოპერატიული მეხსიერება და ორჯერ გაზრდილია მყარი დისკის მოცულობა, რაც საშუალებას იძლევა, ჩაიტვირთოს თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები.
ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“.
2019-2020 სასწავლო წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 27 ახალი სკოლა აშენდა, 141 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო 884-მდე სკოლამ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა .
Update: ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო დღეს ბაგა-ბაღებშიც. ყველა საბავშვო ბაღში დღეს მისული აღსაზრდელების დასახვედრად მრავალფეროვანი მხიარული ღონისძიებები გაიმართა.ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით 20 ფილიალში სასწავლო წელი ხარვეზების გარეშე დაიწყო .
მისივე თქმით, გაიხსნა ახალი ჯგუფები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია , რომ ზაფხულის განმავლობაში საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა. შენობებში მოწესრიგდა სააღმზრდელო ჯგუფების ოთახები, შეიცვალა ფანჯრები და ჩატარდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გარდა ამისა ,რამდენიმე ბაღის შენობის გამაგრებაც მოხდა. ფილიალებში შეივსო და განახლდა საწოლები, ტანსაცმლის კარადები.დამონტაჟდა ახალი ელექტრო ქურები.წელს რუსთავის საბაშსვო ბაღებში 6 700-მდე აღსაზრდელი ირიცხება .