საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე მტკიცებულებად დრონს წარადგენს.
საუბარია უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც გუშინ ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაცი-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ნივთს არ აღენიშნება არანაირი ცეცხლსასროლი იარაღის კვალი.
„ეს გახლავთ ის დრონი, რომელიც გუშინ ჩამოვარდა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული დრონი შეეჯახა სამოყვარულო დრონს, რის შედეგადაც ორივე მათგანი ჩამოვარდა. მოგეხსენებათ ასევე, რომ იმ წუთში გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდებები თითქოს აღნიშნული დრონი ჩამოგდებულ იქნა ვითომდა ჩვენი პოლიციის ქვედანაყოფის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, რომელიც გაიხსნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. ეს მტკიცება, რა თქმა უნდა, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და არ შეესაბამება სინამდვილეს. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ამ ნივთს იმის დასტურად, რომ ცეცხლსასროლი იარაღის სროლის კვალი ამ ნივთს არ აღენიშნება. ეს არის უპილოტო საფრენი აპარატი კვადროკოპტერი. ამ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ამას წარვუდგენთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს, რათა ბოლო მოეღოს უსაფუძვლო ბრალდების გაჟღერებას, თითქოს ეს კვადროკოპტერი ჩამოგდებულ იქნა ჩვენი საპოლიციო დანაყოფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად“,– განაცხადა ირაკლი ანთაძემ.