ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით მამაკაცი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით, ასპინძაში მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, ყირიმ-კონგოს ვირუსით გამოწვეული დაავადება უმძიმესია, ენდემურია და მსგავსი შემთხვევები ყოველ წელს გვხვდება.

საქართველოში დაავადების დიაგნოზის დასმა, 2009 წლიდან არის შესაძლებელი.

მედიკოსების ცნობით, ადამიანებში დაავადება ვლინდება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდეგ 1-9 დღეში, ასევე დაინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შედეგად 3-14 დღეში . დაავადების შემთხვევები, ძირითადად, აღინიშნება გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე, რადგან ამ პერიოდში აქტიურდებიან დაავადების გადამტანი ტკიპები.