რუსთავის რამდენიმე უბანში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. მოსახლეობა შესაბამის სამსახურების დახმარების მოლოდინშია. ქალაქის მასშტაბით, სახურავი 10 კორპუსს დაუზიანდა. ყველაზე მძიმეა მდგომარეობა ჭყონდიდელის დასახლებაში ჩაპაევის ქუჩაზე, სადაც სახურავი ჩამოიშალა.
რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განმარტავენ ,რომ სპეციალისტებმა ყველა დაზიანებული სახურავი შეისწავლეს და აღდგენითი სამუშაოების დაწყება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება. რაც შეეხება ჩაპაევის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი ბინის სახურავს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით ,შენობა სახელმწიფო უწყების ბალანსზე ირიცხება, შესაბამისად რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეთანხმების შემდეგ იქნება მიღებული.
ზურა ტაბაღუას თქმით, ჩაპაევის ქუჩაზე შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან , თუმცა სახურავის ჩამოშლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.