1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3 ლარს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9808 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2571 ლარია. აღსანიშნავია, ისიც რომ ეროვნულმა ბანკმა გუშინ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დღეს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის,“-აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.