ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 7.0 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 4 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზრდის შესახებ.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა.

“ბოლო პერიოდში გაიზარდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, კვლავ დაბალია და 2.4 პროცენტს შეადგენს, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის სისუსტეზე მიუთითებს.

ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. როგორც მონეტარული პოლიტიკის გასული სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში, კომიტეტი განიხილავდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ. ამასთან, კომიტეტი მზად არის ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის შესუსტებამდე გააგრძელოს პოლიტიკის გამკაცრება.“, – აცხადებს ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა დაგეგმილია 2019 წლის 23 ოქტომბერს.