ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის და დაძაბულობის მატებას უწყობს ხელს.
“ჩვენ ყველა შესაბამის სუბიექტთან გვაქვს კონტაქტი და მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯებისგან, რომლებიც ნეგატიურ ჰუმანიტარულ შედეგებს მოიტანს კონფლიქტით დაზარალებულთათვის და ძირს უთხრის ადგილზე სტაბილურობას”, — ნათქვამია ეუთოს განცხადებაში.
ისინი მოუწოდებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე ყველა პირს,კონსტრუქციულად ითანამშროლონ და გამოსავალი იპოვონ.
“მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დამატებითი სირთულეები არ შეექმნათ და მათი უფლებები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლება, მთლიანად დაცული იყო”.
ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი 10 დღეა ჩაკეტილია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს ჩაკეტა და ამ დრომდე არ გაუხსნიათ.
სუს-ში აცხადებენ, რომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მუდმივად აწვდიან ინფორმაციას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. აღნიშნული საკითხი, ასევე, იქნება განხილული IPRM-ის ფარგლებში 13 სექტემბერს დაგეგმილ ე.წ. ტექნიკურ შეხვედრაზე.