რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წინ ბიუროს სხდომა უძღოდა.
დღევანდელ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში წარდგენის მიზნით, საკრებულოს მიერ მოწონებულ იქნა ქალაქ რუსთავში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტები.
როგორც მომხსენებელმა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ზურა ტაბაღუამ განაცხადა, ქალაქ რუსთავში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს 15 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. კერძოდ,იგეგმება მარცხენა სანაპიროს შიდა გზების რეაბილიტაცია, ქალაქის შემოსასვლელში საინფორმაციო ბანერების მოწყობა, რამდენიმე მისამართზე სანიაღვრე ქსელების მოწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეაბილიტირდება ქალაქში არსებული სკვერები და მოსასვენებელი სივრცეები. 2020 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები საჭიროების მიხედვით ჩაუტარდება სააღმზრდელო დაწესებულებებს.
დღესვე დეპუტატებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ 2018 წლის 1 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას უყარეს კენჭი.
როგორც მომხსენებელმა, მერიის აპარატის ხელმძღვანელმა, ნინო ნიკოლავამ განაცხადა, ცვლილება განპირობებულია მერიის აპარატში ორი განყოფილების, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებების შერწყმით. რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა, შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მერის წარმომადგენელთა საქმიანობის განყოფილება და შეიქმნა ერთი პირველადი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება 2019 წლის ბიუჯეტში არ იწვევს შრომის ანაზღაურების ფონდის ცვლილებას, თუმცა მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობათა რაოდენობა შემცირდა ორი ერთეულით და განისაზღვრა 217 საშტატო ერთეულით.