საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ოკუპანტებმა უკანონო შეზღუდვები დააწესეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესეს. სუსის განცხადებით, აღნიშნული ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოცემულ უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი გააქტიურდა. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

უკანონო შეზღუდვებს წინ უძღოდა გუშინ, ერგნეთში გამართულ შეხვედრა, რომელზეც სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები განიხილეს.

საქმე ეხება ე.წ. სასაზღვრო საგუშაგოს, რომლის მოწყობა დეფაქტო ხელისუფლებამ ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მახლობლად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების შემდეგ დაიწყო.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.